რეპორტაჟი თბილისის ლიფტიდან
თბილისის ერთ-ერთ უბანში, მონატრებულ ნათესავს ვესტუმრე. ლიფტის მოლოდინში ხუთ და ათთეთრიანებით „შეიარაღებული“ ჯიბეში ხურდებს ვაჩხრიალებ.
მოვიდა!
კარი გაიღო და გამიხარდა!
მოწესრიგებული ლიფტის კაბინა და საკუთრი ღიმილი შემომეფეთა კედლის სარკიდან. 13 სართული უნდა მამგზავროს ამ კომფორტულმა „კოლოფმა“, არადა მე ისევ ძველ, დაბინძურებულ კაბინას ველოდი…
ოდნავ შემრცხვა ჩემი პესიმიზმის…
სიამოვნებით შევაბიჯე, სარკეშე თავი შევათვალიერე, ფეხდაფეხ მოხუცი ქალბატონიც მომყვა…
– ოხ – დაიკვნესა, მოვბრუნდი და კარში გაჭედილს, მხრებაწურულს ლიფტში შემოსვლაში დავეხმარე
კარი გაღებიდან 3 წამში დაიხურა (!) რატომ?!…
– შვილო დროზე ჩააგდე ხურდა, თორემ სინათლე ჩაქრება – მესმის ჯერ კიდევ ტკივილნარევი ხმა და სანდომიანი ქალბატონი მხრებს იზელს… სტკივა…
მეც სწრაფად ვიღებ ათთეთრიანს, ვაგდებ ლითონის „ყულაბაში“ და ასევე სწრაფად ვაჭერ ღილაკს N13. გვიან ვაცნობიერებ, რომ თანამგზავრისთვის არც მიკითხავს მისთვის სასურველი სართული..
გააზრებას ვერ ვასწრებ, რომ იატაკი ხტუნვას იწყებს და კაბინა ზრიალით იძვრის ადგილიდან.
სარკე ჩემს გაბრაზებულ და უცნობის შეწუხებულ სახეებს ირეკლავს და მე მობოდიშების სიტყვებს ვბუტბუტებ…
– არაუშავს შვილო, გზად მაინც არ ჩერდება, უკვე გვიანია… კარი რომ გაიღება სწრაფად გადი, ძლიერად ურტყავს ეს ოხერი – მპასუხობს თანამგზავრი.
მეც გასასვლელად მოვემზადე, კიდევ ერთხელ ახტა იატაკი, ლიფტის მექანიზმმა დაიგრუხუნა და კარი „კბილების კრაჭუნით“ გაიღო.
გამოვძვერი ჰიჩკოკის სიუჟეტის ფრაგმენტიდან და ღრმა ამოსუნთქვის შემდგომ დავრეკე ზარი.
– გამარჯობა, ვინ ემსახურება თქვენ ლიფტს? ან ვინ აგებს მის უსაფრთხოებაზე პასუხს? – ვეკითხები მონატრებულ ნათესავს და პასუხად დაბნეულ ღიმილს ვიღებ…
… თქვენ, რომელიც ამ რეპორტაჟს კითხულობთ, გეცნოთ სიუჟეტი? დაფიქრებულხართ რამდენად უსაფრთხოა ლიფტი, რომლითაც ყოველდღიურად სარგებლობთ?
დაინტერესდით… ეს თქვენი უფლებაა!